ვინ არის დედოფალი მაკედა?

      ლოსიონის სახელწოდების შერჩევისას, ჩვენთვის, შთაგონების წყაროდ, ანტიკური ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ქალბატონი – დედოფალი მაკედა იქცა, რომელიც ცნობილია, როგორც ‘შებას სამეფოს დედოფალი’. მის შესახებ ცნობები მოიძიება უძველეს წმინდა წიგნებში: ქრისტიანულ ბიბლიაში, ყურანში, ებრაულ და ეთიოპიურ ლეგენდებსა და არაბულ ზღაპრებში.

      ყველა ზემოთხსენებულ წყაროში, დედოფალი აღწერილია, როგორც დიდი სიბრძნის და განუმეორებელი სილამაზის მქონე პიროვნება. მის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია მოგვითხრობს დედოფალ მაკედას და იუდეველთა მეფის, სოლომონის გაცნობის ისტორიას და შემდეგ, მათ სასიყვარულო ურთიერთობას.

       თქმულების თანახმად, დედოფლის ჩამობრძანებამდე, ბოროტი ენები სოლომონ მეფეს შთააგონებდნენ, რომ გრძელი კაბის ქვეშ, დედოფალი საიდუმლოს მალავდა, რომ მას მახინჯი, თხის ჩლიქებიანი ფეხები ჰქონდა. იქნებ, მოულოდნელად, ეშმაკი ამ მშვენიერი ქალის სხეულში ჩასახლდა? სწორედ ამიტომ, სოლომონმა ააგო მინის იატაკის მქონე დარბაზი, რომლის იატაკიც წყლით იყო სავსე და წყალში კი, თევზები გაუშვა. ნამდვილი აუზის ილუზია იმდენად ძლიერი იყო, რომ შებას დედოფალმა, ზღურბლზე გადაბიჯებისას, კაბა რომ არ დასველებოდა, ინსტიქტურად აიწია კაბის ბოლო! დედოფალს ჩვეულებრივი, ადამიანის ფეხები ჰქონდა, თუმცა, არც ისე მომხიბვლელი – ისინი უხეში თმით იყო დაფარული.

       რა თქმა უნდა, აღნიშნულმა ხელი არ შეუშალა სოლომონს თავდავიწყებით შეყვარებოდა დედოფალი მაკედა. ლეგენდის თანახმად, მათი საუბრები დღეებისა და ღამეების განმავლობაში გრძელდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალ-ცალკე, სხვადასხვა სამეფოს მართავდნენ, მათი სიყვარული მარადიული იყო.

      დედოფალი მაკედა ბალახებისგან, ბუნებრივი ფისებისგან, ყვავილებისა და მცენარეთა ფესვებისგან ესენციებს ამზადებდა. იგი პირველი პარფიუმერი იყო, კარგად ერკვეოდა ასტროლოგიასა და მედიცინაში. ხშირად მართავდა შეხვედრებს, რომლებსაც მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ესწრებოდნენ ცნობილი სწავლულები. ასეთი ცოდნის, სიბრძნისა და სილამაზის მქონე, დედოფალი საკმაოდ ამაყობდა თავისი შესაძლებლობებით. ჩვენი მიზანიც ასეთია – ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას ვიყენებთ თქვენი სილამაზისთვის.